ქუთაისში “ლელოს” წევრზე ძალადობისთვის პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა პარტიის წევრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული თ.ყ. ძალადობის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბრალდებულმა, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს.
დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუშინ, 13 ოქტომბერს ლელოს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი შტაბის წევრს თავს დაესხნენ. მისი თქმით, დაზარალებულს თვალი აქვს დაზიანებული და ხელშია დაჭრილი.