მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია „ქართული ოცნების“ წევრებს მიზანმიმართულ ცილისმწამებლური კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს.
ინფორმაციას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფეიბუქ გვერდი აქვეყნებს. გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს მეუფე გიორგი ჯამდელიანს ადანაშაულებენ „ქართული ოცნების“ წევრის თემურ შუბითიძის ცემაში და მისი გადადგომის მოთხოვნით მუნიციპალიტეტში ხელმოწერებს აგროვებენ.
აღნიშნულ საკითხზე მარნეულისა და ჰუჯაბის საეპისკოპოსო რეზიდენციაში ჩატარებულ სამღვდელოების საეპარქიო კრებაზე იმსჯელეს.
„კრებამ ერთხმად განაცხადა, რომ ბევრს სურს არეულობა შემოიტანოს და საეკლესიო წესრიგი დაარღვიოს, მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდიან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის წინააღმდეგ; მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ : ჩრდილი მიაყენონ მის სახელს და მშვიდობიან მრევლში შფოთი შეიტანონ. გამომდინარე აქედან სათანადოდ მივიჩნიეთ გაგვეფრთხილებინა საზოგადოება, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია ეპარქიის მმართველი მღვდელთმთავრის წინააღმდეგ, რომელშიც სამწუხაროდ ჩართულნი არიან ადგილობრივი მმართველი გუნდის – პარტია “ქართული ოცნების” წევრები. მათ ადგილობრივი მოსახლეობა შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში, ცილს სწამებენ ეპისკოპოსს თითქოს პარტია “ქართული ოცნების” წევრის თ.შ-ს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა მეუფის დავალებით, რაც არის მტკნარი სიცრუე, უმძიმესი ბრალდება და ცილისწამება! ისინი დადიან მოსახლეობაში, ცდილობენ ხელმოწერების შეგროვებას მეუფის წინააღმდეგ – მისი ეპარქიიდან გაწვევის მოტივით. ეს გახლავთ გაგრძელება იმ პოლიტიკისა და გეგმისა, რომელიც მავანთ მიზნად აქვთ დასახული, კერძოდ სხვა და სხვა ცილისმწამებლური კამპანიით მეუფის ეპარქიიდან ჩამოშორება,“ – წერია მარნეულისა და ჰუჯაბის ფეისბუქ გვერდზე.
მარნეულისა და ჰუჯაბის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციას და სიმშვიდე შეინარჩუნონ.
ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) დაუდასტურა. მეუფე გიორგიმ ამ ეტაპზე კონკრეტული პირების სახელებისა და გვარების დასახელებისაგან თავი შეიკავა, მაგრამ განაცხადა, რომ მის მიმართ აგორებული კამპანიის სათავეში „ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბის წევრები დგანან.
მეუფე გიორგის განმარტებით, ის მზადაა, კანონმდებლობის ჩარჩოში, ამ ცილისმწამებლურ კამპანიას მართლზომიერი პასუხი გასცეს.
❗️❗️❗️ ამა წლის ცხრა ოქტომბერს,მარნეულისა და ჰუჯაბის საეპისკოპოსო რეზიდენციაში ჩატარდა სამღვდელოების საეპარქიო…
Posted by Marneuli Hujabi on პარასკევი, 09 ოქტომბერი, 2020