“ევროპული საქართველოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბნის სოფელ ყარაჯალარში მათი პარტიის წევრს, ოქტაი სკანდაროვს 11 ოქტომბერს, გვიან ღამით, დაესხნენ თავს და სცემეს, თუმცა, მოგვიანებით, გარდაბნის პოლიციიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა, რომელიც მანამდე “ოცნების” აქტივისტებს ადანაშაულებდა, ფაქტი უარყო და თქვა, რომ “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია და მის ცემასთან მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არაფერი აკავშირებთ.
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პოლიციაში დაკითხვაზე შესვლამდე ოქტაი სკანდაროვი საპირისპიროს ამტკიცებდა, ამბობდა, რომ პლაკატების გაკვრის დროს თავს “ქართული ოცნების” წევრი დაესხა. რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ კი გაირკვა, რომ მან სამართალდამცველებს მან მომხდარის განსხვავებული ვერსია უამბო და თავდასხმის ფაქტი უარყო.
პოლიციის განყოფილებასთან გვიან ღამით “ევროპული საქართველოს” შტაბის ხელმძღვანელიც მივიდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მათ აქტივისტს ჩვენება სუს-ის ზეწოლით შეაცვლევინეს.
„ქართული ოცნება” ისევ აგრძელებს ძალადობას არჩევნების წინ – გუშინ, გვიან ღამით მოხდა ინციდენტი, როდესაც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ აქტივისტს თავს დაესხნენ გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში, ცემეს ის, რის შემდეგ წავიდა პოლიციაში, თქვა, რომ ეს გააკეთეს “ქართული ოცნების” აქტივისტებმა და როგორც ხდება ხოლმე, ტრადიციულად, მის ოჯახზე მუქარის შედეგად, ათქმევინეს, რომ ის არის არა “ევროპული საქართველოს”, არამედ “ქართული ოცნების” მხარდაჭერი, რაც ჩვეულებრივი კლასიკური “ქართული ოცნების” სტილია, ჯერ ძალადობა, შემდეგ ზეწოლა იმ იმედით, რომ პირიქით, გამოჩნდება, რომ ეს ადამიანები აღარ უჭერენ მხარს იმ პარტიას, ვისთან აფილირების გამოც მასზე იძალადეს.
ბუნებრივია, ჩვენ ველით, რომ ასეთი ინციდენტები გაგრძელდება მომავალშიც, მაგრამ მინდა პირდაპირ ვუთხრა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს და სამართალდამცავებს, რომ ყველა ასეთი შემთხვევა, ძალადობა, არალეგალური ინსტრუმენტის გამოყენება, აუცილებლად იქნება საბოლოო ჯამში დასჯილი. მათ რაც არ უნდა იძალადონ” ევროპული საქართველოს” აქტივისტებსა და მომხრეებზე, თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მომხრეებზე, საბოლოო ჯამში, ეს მათ არ მოუტანს შედეგს, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება და შემდეგში, წაგების მერე, ბუნებრივია, ამ ყველაფრის გამო მათ ექნებათ სერიოზული პრობლემები,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.