კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, ენმ-ს წევრებსა და სოფლის წარმომადგენელს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატები აცხადებენ, რომ შეხვედრა ბაჩო ხუციშვილმა ჩაშალა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ბაჩო ხუციშვილი კასპის მერის წარმომადგენელია ხოვლეში. ის საარჩევნო შეხვედრის ტერიტორიაზე საკუთრი ავტომანქანით მივიდა.
“ნაცინალური მოძრაობის” კასპის მერობის კანდიდატის, ნუგზარ ნონიაშვილის თქმით, ბაჩანა ხუციშვილი იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრა იგეგმებოდა, ერთი საათით ადრე მივიდა:
“ამ ქმედებით ის თანასოფლელებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა. აკვირდებოდა, ვინ მოვიდოდა და ვინც არ მოვიდოდა. ასევე, გვაკონტროლებდნენ მანქანით და ჩვენ მხარდამჭერებს აშინებდნენ,” – აცხადებს ნუგზარ ნონიაშვილი.
კასპის მერის წარმომადგენელი ხოვლეშ, ბაჩო ხუციშვილი ავტომანქანით მიუახლოვდა “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებს და “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმეებზე ესაუბრებოდა. საუბარი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებსა და ბაჩო ხუციშვილს შორის კამათში გადაიზარდა.
ენმ-ს კანდიდატებმა ინციდენტის გამო შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.
ამ დაპირისპირებაზე ინფორმაცია ასევე გაავრცელა მთავარმა არხმაც.
არხის ცნობით, მერის წარმომადგენელი მთვრალი იყო და შეკრებაზე ის მაშინ მივიდა, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები კასპის მოსახლეობას საკუთარ გეგმებს აცნობდნენ და მოსახლეობისაგან წყლის მიწოდების პრობლემაზე მოსაზრებებს ისმენდნენ.
ბაჩო ხუციშვილმა ადგილობრივები სიცრუის გავრცლებაშიც დაადანაშაულა და უთხრა, რომ მათ იმდენი წყალი აქვთ, შეუძლიათ, “წყალში დაიხრჩონ”.
“მერის წარმომადგენელი ცდილობდა შეხვედრის ჩაშლას. ის მიმტკიცებს, რომ მოსახლეობას წყლის პრობლემა არ გვაქვს – ეს მაშინ, როცა დღის განმავლობაში მხოლოდ 4 სთ-ის განმავლობაში მოგვეწოდება წყალი”, – ამბობს ადგილობრივი.
“მთავარი არხი” ბაჩო ხუციშვილთან გასაუბრებას შეეცადა, თუმცა, მან კომენტარისგან თავი შეიკავა. თავის მხრივ, გამგებლის ოჯახიც ირწმუნება, რომ სოფელში წყლის პრობლემა არ არსებობს.