საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა შველას ითხოვს. ადგილობრივები მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ. ამის მიზეზი სოფელ კოდისწყაროში ქიმიური მასალის გადამამუშავებელი საწარმოა, რომლის მშენებლობაც დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სამუშაოები 2 თვის წინ დაიწყო, ადგილობრივები შიშობენ რომ როდესაც წარმოება დაიწყება, გამონაბოლქვი ონკოლოგიური დაავადებებს გამოიწვევს და მოსავლიანობაც შემცირდება. მათ ამის დასტურად დოკუმენტაციაში არსებული უზუსტობაც მოჰყავთ, დოკუმენტებში წერია რომ აღნიშნულ სოფელში ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსია, რეალურად კი 35 გრადუსს აჭარბებს. საწარმოს კომპანია შ.პ. უნივერსალური ჯგუფი აშენებს, რომლის დირექტორიც მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებს.
“შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა” გაარკვია, თუ რა საწარმო შენდება კოდისწყაროში. ეს იქნება მეორადი ზეთის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ჯერ არ არსებობს.
საპროექტო შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც განთავსებული იქნება ნედლეულის და მიღებული პროდუქციის რეზერვუარები წარმოადგენს დატკეპნილი გრუნტის ფენას – ე.წ. ტექნოგენურ გრუნტს, კენჭნარებით, ქვიშებით და თიხებით, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოუყენებელია.
აღნიშნულ ტერიტორიაზე წარსულში ფუნქციონირებდა სამშენებლო ბლოკის საამქრო, ხოლო უკანასკნელ წლებში – მეცხოველეობის ფერმა. როგორც საპროექტო საქმიანობისათვის განკუთვნილი შენობა, ასევე მის მიმდებარედ, მისგან დასავლეთით არსებული ორი შენობა, რომლებშიც ამჟამად სამეწარმეოსაქმიანობა არ ხორციელდება – გამოყენებულია საწყობად. საპროექტო შენობის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც გამოყენებული იქნება სამეწარმეო მიზნით შემოიღობება მავთულბადით.
ტერიტორიის შემოგარენში ძირითადად განთავსებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
საპროექტო ტერიტორიის სამხრეთით, მისგან 110 მეტრის დაშორებით განთავსებულია შპს ,,მამული”- ს სამაცივრო ინფრასტრუქტურა, რომელიც უკანასკნელ წლებში არ ფუნქციონირებს.
პროექტში აღნიშნულია, რომ დაგეგმილი საქმიანობისთვის გამოყოფილი ფართობი განთავსებულია სოფ. კოდისწყაროს მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიიდან უკიდურესი სამხრეთით. უახლოეს მოსახლესა და საპროექტო საწარმოს საკადასტრო საზღვრებს შორის მანძილი შეადგენს 38 მეტრს. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი მდებარებს საწამოდან სამხრეთით, 1300 მეტრ მანძილზე, ასევე საწარმოდან სამხრეთით 220 მეტრის დაშორებით მიედინება უახლოესი ზედაპირული წყლის ობიექტი – მდ. თორთლა.