„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა“ დღეს ქობულეთელ ამომრჩეველს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. ქობულეთის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად ზვიად კვაჭანტირაძე, უმაღლეს საბჭოში კი ლაშა ვერულიძე დასახელდა.
კანდიდატები მხარდამჭერებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს მდივანმა, მარიამ ჯაშმა წარუდგინა.
„ქობულეთი გაჩერებულია. არ მუშაობს არაფერი. ხელისუფლებას ერთი წლის განმავლობაში არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რათა შეემსუბუქებინა ქობულეთელების განსაკუთრებით დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობა. ტურისტული სეზონის ჩავარდნა, ათასობით ოჯახისთვის ქობულეთში კატასტროფული აღმოჩნდა. საბანკო კრედიტების შეღავათები აღარ მოქმედებს და ასეულობით ოჯახი განიცდის საკრედიტო ინსტიტუტების მხრიდან ძლიერ ზეწოლას“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
პარტია საბანკო შეღავათების მოთხოვნით პეტიციების შეგროვებას იწყებს.
„აუცილებლად უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში უსამართლო სოციალური პოლიტიკა და გადაიხედოს საბანკო რეგულაციები, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწევს დღეს ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა მოქალაქეს. დღეს სწორედ ეს არის ყველა ოჯახის საფიქრალი, როგორ გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში სესხების პროცენტების დაფარვას და როგორ გადაურჩეს გამოსახლებას“, – განაცხადა ლაშა ვერულიძემ.