„მე ვიქნები მუხტი საქართველოს პარლამენტში, რომელიც შექმნის პოლიტიკას არამხოლოდ პატარა ჯგუფებისთვის, არამედ შექმნის პოლიტიკას ხალხისთვის“, – ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, მას არსებული პრობლემების გადაჭრის ორი გეგმა აქვს.
„პირველი არის ეროვნული ფასეულობების ხედვა 6 პრიორიტეტული მიმართულებით. ჩემი ერთ გეგმა გამოხატავს ეროვნულ პრიოტეტებს, სადაც შედის ეკონომიკა, განათლება, უსაფრთხოება, სასამართლო, ახალგაზრდობის პოლიტიკა და სოფლის მეურნეობა. მეორე გეგმა, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არის გეგმა – „ჩემი უბანი ჩემი ქვეყანაა“. ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღება არ ხდება მარტო ლამაზი საუბრით ტელევიზორში საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღება ხდება ყველა უბანში და ყველა ეზოში. პოლიტიკის განხორციელება პირველ რიგში ხდება ადგილებზე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, გეგმაში „ჩემი უბანი ჩემი ქვეყანააა“ შედის 10 ნაბიჯი, სადაც თავმოყრილია ყველაზე მწვავე პრობლემები.
„ერთ-ერთია მაგალითად რკინიგზის გადატანა. ეს არის სახე და მაგალითი იმ პროექტისა და საქმისა, რომელშიც დაიხარჯა მილიონობით დოლარი და მიტოვებულია ნახევარ გზაზე. ჩემი გეგმაა ამჟამინდელ რკინიგზაზე მხოლოდ სამგზარო მატარებლების დატოვება ცივილიზებული ფორმით, რომელიც მოქცეული იქნება მწვანე ზოლში. ჩვენ დავარქით ამას „მწვანე ლიანდაგის პროექტი“.
მეორე პრობლემა არის დიდუბის ავტოსადგური. ეს არის ადგილი, სადაც ჩემი შეთავაზებით, გურამ დოჩანაშვილს, რომ აქვს „კარცერ ლუქსი“, ასე უნდა შემოვიღოთ, რომ რამდენიმე საათი ყველა მინისტრმა, რომელიც დაინიშნება, გაატაროს ამ ავტოსადგურში, რათა თვითონ დაინახოს, თუ როგორ უღირს ყოფაში არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ დიდუბის ავტოსადგურში. როდესაც ქვეყანას გაქვს პრეტენზია, რომ ხარ დერეფანი ევრაზიულ გზაზე და ხარ ტურიზმის ეპიცენტრი და გაქვს ასეთი ავტოსადგური, ეს განაპირობებს უსერიოზულეს კოგნიტურ დისონანსს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა მწერალი დათო ტურაშვილი. როგორც მან აღნიშნა, ანა დოლიძე არი კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დეპუტატი.
“ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, ნებისმიერ პარლამენტს, ნებისმიერ ქვეყანაში დაამშვენებდა. ეს არის ადმაიანი, რომელც არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც ძალიან მომწონს ადამიანში. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მერამდენე ხელისუფლება გამოვიცვალეთ, მერამდენედ გვიწევს პარლამენტის არჩევა, ჩვენდა სამწუხაროდ, რამდენჯერაც მოვინდომეთ, მაინც ვერ მოვახერხეთ, რომ აგვეცილებინა ძალიან სერიოზული პრობლემა. ძალიან ხშირად, ძალიან ბევრი უღირსი ადამიანი ხვდება პარალემენტში, ადამიანები, რომლებიც სრულიად დაშორებული არიან განათლებას, კულტურას, პასუხისმგებლობას, რაც მთავარია პატრიოტიზმს“, – განაცხადა ტურაშვილმა.