ქუთაისში, ნიკეაზე ქუჩაზე, საქართველოს დროშა, რომლის აღმართვაც ქუთაისის მერიას 50 000 ლარი დაუჯდა, ქარმა ისევ დააზიანა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
მერიამ დროშა ბოლოს 2 ოქტომბერს შეცვალა. ეროვნული სიმბოლიკა მაშინ ქარმა წაიღო.
საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, აკრძალულია დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. (საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №464 – სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.179 )
ქუთაისის მერია ნიკეას ქუჩაზე დროშის მოწყობას ორ წელზე მეტხანს ცდილობდა.
მეექვსე მცდელობაზე, ტენდერში (NAT190025060) შპს “ნიუ იბერიამ” გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას დროშის დგარი მიმდინარე წლის 9 მარტამდე უნდა მოეწყო, თუმცა, პროცესი ჯერ მერიის დაკვეთით მომზადებულ პროექტში არსებული ხარვეზების მიზეზით შეჩერდა, შემდეგ კი დროშის აღმართვის სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების გამო შეფერხდა.
დროშის მოწყობა ბიუჯეტს 49 959 ლარი დაუჯდა.