საქართველოს მედია-კლუბის ანგარიში მოიცავს საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგის დროს დაფიქრებულ დარღვევებს 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, თუმცა, ვინაიდან 1 სექტემბრამდე, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე, ჩვენ მიერ დაფიქსირებული ფაქტები არ ქმნის საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარ საარჩევნო გარემოს, აღნიშნული ფაქტები მონიტორინგის ანგარიშში აისახა. მონიტორინგი, „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, სადამკვირვებლო ორგანიზაციის – „საქართველოს მედია კლუბის“ პროექტის – „წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი“ – ფარგლებში ხორციელდება.
საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის, აგრეთვე, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების ფაქტები, რაც საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების დარღვევაა. კერძოდ, გამოვლენილია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შეხვედრებში მონაწილეობის 1 და მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების 3 ფაქტი.
კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძისა და ფრიდონ ფუტკარაძის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე სამსახურეობრივი მანქანით მივიდა. მარნეულში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან (რუსთაველის 67), საკრებულოს კუთვნილი ავტომანქანა დაფიქსირდა. ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაციით, მანქანა საკრებულოს თავმჯდომარეზე – ამირან გიორგაძეზეა მიმაგრებული. გარდა ამისა, პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, აკაკი ბობოხიძის შტაბის უფროსმა დავით ჭავჭანიძემ „საქართველოს მედია-კლუბს“ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამომრჩევლებთან შეხვედრებზე, მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციისას, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე სამსახურებრივი მანქანებით გადაადგილდებიან.
„საქართველოს მედია-კლუბმა“ გამოავლინა, აგრეთვე, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის 4 ფაქტი.
კერძოდ, 26 სექტემბერს გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, დავით სონღულაშვილმა დედოფლისწყაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, აგრეთვე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი. მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 278 467 ლარით დაფინანსდა.
მანამდე, 7 სექტემბერს, სონღულაშვილი ასევე დაესწრო დედოფლისწყაროში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებას, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები ესწრებოდნენ.
ამავე დღეს სონღულაშვილი ასევე დაესწრო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში გამართულ ტრადიციულ ტურნირს ქართულ ჭიდაობაში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტურნირი მუნიციპალური ა(ა)იპ-ის – “გურჯაანის სპორტული გაერთიანების” ორგანიზებით გაიმართა.
8 სექტემბერს, ქალაქ დმანისში, ბოლნისის, თეთრიწყაროს, წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი ტატუაშვილთან ერთად, მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ახალი სკვერის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს მედია-კლუბი რეკომენდაციით მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობებს, გამიჯნონ საჯარო სამსახურისა და პოლიტიკური პარტიის მიზნები და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ღონისძიებები/პროგრამები/პროექტები არ გამოიყენონ საარჩევნო/პარტიული მიზნებისთვის; გამოიყენონ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებები კანონის შესაბამისად.
აგრეთვე, მიმართავს საარჩევნო სუბიექტებს/კანდიდატებს, დაიცვან კანონი და არ გამოიყენონ სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებები საკუთარი საარჩევნო/პოლიტიკური მიზნებისთვის.