საქართველოს მედია-კლუბმა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის სამი ფაქტი დააფიქსირა

1493

წინა სტატია

საქართველოს მედია-კლუბის ანგარიში მოიცავს საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე  წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგის დროს დაფიქრებულ დარღვევებს 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, თუმცა, ვინაიდან 1 სექტემბრამდე, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე, ჩვენ მიერ დაფიქსირებული ფაქტები არ ქმნის საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარ საარჩევნო გარემოს, აღნიშნული ფაქტები მონიტორინგის ანგარიშში აისახა. მონიტორინგი, „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, სადამკვირვებლო ორგანიზაციის – „საქართველოს მედია კლუბის“ პროექტის – „წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი“ – ფარგლებში ხორციელდება.

ორგანიზაციის დაკვირვებით, კვლავ ფიქსირდება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების მხრიდან. ამგვარი ფაქტები დაფიქსირებულია ჭიათურის, ზუგდიდისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.

მაგალითად, 2020 წლის 23 სექტემბერს პოლიტიკურმა გაერთიანებამ „თავისუფალი საქართველო’’ გაავრცელა პრესრელიზი, რომლითაც ირკვევა, რომ პარტიამ ჭიათურის მცხოვრებლებს საარჩევნო შეხვედრისას, „იაფი მედიკამენტების პროგრამის “ფარგლებში, წამლები გადასცა.

საქართველოს მედია-კლუბი დაუკავშირდა პარტიის თავმჯდომარეს, კახა კუკავას, რომელმაც განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ორგანიზაცია მხოლოდ შუამავალია მოსახლეობასა და იმ კერძო კომპანიას შორის, რომელსაც თურქეთიდან იაფად წამლები ჩამოაქვს.

ამ განმარტების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა) საქართველოს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი „ა“ პუნქტის პირდაპირი დარღვევაა.

 პ/გ „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა ირაკლი მატუამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ოთარ ქადარია მოსყიდვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მას ქადარიამ პოლიტიკიდან გარიდება და ამის სანაცვლოდ დასაქმება, დის დასახმარებლად 600 ლარი და თბილისში დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა შესთავაზა. თავად მატუა აღნიშნულს 9 სექტემბერს, ლელოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე მომხდარ ფაქტს უკავშირებს, სადაც ლელოს ინფორმაციით, მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა პირებმა შეხვედრის ჩაშლა სცადეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 17 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, რომლის შედეგებიც ამ დრომდე უცნობია.

„საქართველოს მედია-კლუბისთვის“ ქადარიას მიერ შესაძლო მოსყიდვისა და გადაბირების სხვა ფაქტის შესახებაც გახდა ცნობილი. კერძოდ, „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, სესილი ჭითანავას ინფორმაციით, ოთარ ქადარიამ პარტიის დატოვება, სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ, მასაც შესთავაზა. ჭითანავა საქართველოს მედია-კლუბის მონიტორთან საუბარში თქვა, რომ მას ქადარიამ 21 აგვისტოს მას შემდეგ დაურეკა, რაც 19 აგვისტოს „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალექსანდრე ახვლედიანმა სოციალურ ქსელში ახალი წევრების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და გაცხადდა, რომ მათ შორის სესილი ჭითანავაც იყო.

ჭითანავა რამდენიმე წლის წინ ზუგდიდის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში – სპორტის განვითარების ცენტრში მუშაობდა. მისი ცნობით, სწორედ ამ ა(ა)იპ-ში აღდგენას და ხელფასის მომატებას (400 ლარის ნაცვლად 600 ლარს) დაპირდა ქადარია, თუ ის პოლიტიკური ორგანიზაციის – „ლელო საქართველოსთვის“ რიგებს დატოვებდა.

11 სექტემბერს მოქალაქე იზო ბარამიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ იტვირთება პროდუქტები ავტომანქანიდან „ქართული ოცნების“ ქედის საარჩევნო შტაბში.

„საქართველოს მედია-კლუბი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად შტაბის ხელმძღვანელს, ამირან ცინცაძეს დაუკავშირდა, მაგრამ მან კითხვის მოსმენის შემდეგ ტელეფონი გათიშა და მასთან შემდგომი დაკავშირება ვერ მოხერხდა. იგივე კითხვით მივმართეთ აღნიშნული საარჩევნო ოლქის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ანზორ ბოლქვაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მას ინფორმაცია არ ჰქონდა.

გამომდინარე იქედან, რომ ფაქტი ვიდეოკადრებით დასტურდებოდა, ფაქტის გადამოწმებისა და შესაბამისი რეაგირებისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მივმართეთ, რათა არ მომხდარიყო აღნიშნული პროდუქტების ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით გამოყენება. სამწუხაროდ, ცესკოს ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ მოუხდენია.

საქართველოს მედია-კლუბი რეკომენდაციით მიმართავს საარჩევნო სუბიექტებს, უარი თქვან იმგვარი პროექტების განხორციელებაზე, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

აგრეთვე, მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებსა და მოხელეებს, არ გამოიყენონ საკუთარი უფლებამოსილება ამომრჩევლის მოსყიდვისთვის.

ორგანიზაცია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის თითოეული ფაქტი უმოკლეს დროში გამოიძიონ.