საქართველოს მედია-კლუბის ანგარიში მოიცავს საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგის დროს დაფიქრებულ დარღვევებს 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, თუმცა, ვინაიდან 1 სექტემბრამდე, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე, ჩვენ მიერ დაფიქსირებული ფაქტები არ ქმნის საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარ საარჩევნო გარემოს, აღნიშნული ფაქტები მონიტორინგის ანგარიშში აისახა. მონიტორინგი, „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, სადამკვირვებლო ორგანიზაციის – „საქართველოს მედია კლუბის“ პროექტის – „წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი“ – ფარგლებში ხორციელდება.
ორგანიზაციის დაკვირვებით, კვლავ ხდება მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეების/მოსამსახურეების საარჩევნო კამპანიაში „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევით მონაწილეობა და სოციალურ ქსელებში კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის სასარგებლო ან საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელება.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელების მიერ ფეისბუქის პირადი გვერდების „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატების სასარგებლოდ გამოყენების ფაქტები.
მაგალიტად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, გია ჩხიკვაძემ სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძის სააგიტაციო მასალა; მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, სპარტაკ ლაცაბიძემ სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია; ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, კახა ლომიძემ სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატის, კობა ლურსმანაშვილის სააგიტაციო მასალა.
საჩხერის მუნიციპალიტეტში, ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, გიგა მერმანიშვილმა სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, დავით უკლებამ სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის სააგიტაციო მასალა, აგრეთვე, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას საწინააღმდეგო სტატია, რაც, ასევე, „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევაა. ბარდუბანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, მურად ვერულაშვილმა, სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ბეჟან წაქაძის სააგიტაციო მასალა. სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტმა, შორენა გვენეტაძემ, სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ბეჟან წაქაძის სააგიტაციო მასალა. კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, რომან მამრიკაშვილმა, სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილისა და ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის სააგიტაციო მასალა. ნახშირღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტმა, ზურაბ ლომთაძემ, სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის სააგიტაციო მასალა.
გარდა „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნისა, აღნიშნული პირები, ასევე, არღვევენ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას – „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“, რომელშიც მკაფიოდ წერია: „საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ისეთი ქმედებებისაგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად“.
დაფიქსირდა, ასევე, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების ფეისბუქის გვერდების გამოყენება მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების სასარგებლოდ, რაც საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევაა (წინასარჩევნო კამპანიის პერიოდში იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების, ან თვითმმართველობის ორგანოების საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება).
მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიას ადმინისტრაციული ერთეულის ფეისბუქის გვერდზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წინასაარჩევნო კამპანიის მხარდამჭერი პოსტებია გაზიარებული. აგრეთვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტყაიას ადმინისტრაციული ერთეულის ფეისბუქის გვერდზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წინასაარჩევნო კამპანიის მხარდამჭერი პოსტებია გაზიარებული. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აბასთუმნის ადმინისტრაციული ერთეულის ფეისბუქის გვერდზე “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის მხარდამჭერი პოსტებია გაზიარებული.
საქართველოს მედია-კლუბი მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობებს, დაიცვან „საარჩევნო კოდექსითა“ და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების – „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილი მოთხოვნა და არ დაუშვან საჯარო მოხელეების/მოსამსახურეების სამუშაო საათებში, საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობა, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით. ამგვარი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში კი მოახდინონ მათზე რეაგირება.