ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა მერიის შენობიდან “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზა გადაკეტეს.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ საბანკო სესხების გადავადება და პროცენტის მოხსნა უზრუნველყოს, რადგან ტურისტული სეზონი ჩავარდა და სესხებს ვერ იხდიან.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ აჭარის მთავრობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნინო ანანიძე ამბობს, რომ მათ ხელისუფლებისგან მიიღეს დაპირება, რომ დაეხმარებოდნენ სესხის გადახდაში, თუმცა, სესხის რესტრუქტურიზაციაზე შეთავაზება ბანკებისგან ხელისუფლების ჩართულობის გარეშეც მიღწეული იყო.
“რესტრუქტურიზაცია ნიშნავს, რომ ჩვენი სესხი დარეგისტრირდება ახალ სესხად და თუ ვიხდიდით 17 [პროცენტს], გადავიხდით 22-ს. ჩვენი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ გაყინოს სესხები, ან გამოყოს თანხები დაბალპროცენტიანი სესხებისთვის… ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ ხელისუფლება არ შემოგვთავაზებს პრობლემის გადაჭრის გზებს”, – თქვა მან.