„ევროპული საქართველოს“ ბრალდებას წყალტუბოს საჯარო სკოლებში სველი წერტილების კორუფციული გარიგებით მოწყობის თაობაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია გამოეხმაურა.
მერის მოადგილის, ზურაბ მაისურაძის თქმით, მთავრობის განკარგულების თანახმად, სკოლებში სანიტარული კვანძების მოსაწყობად შესყიდვა პირდაპირი გზით უნდა მომხდარიყო, რათა სამუშაობის დასრულება სწავლის დაწყებამდე მოსწრებულიყო.
„კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებული რეგულაციების თანახმად, წყალტუბოს მინიციპალიტეტში აუცილებელი გახდა, 33-ივე სკოლაში მოწყობილიყო სველი წერტილები და საპირფარეშოები. სკოლის დაწყებამდე ამ ყველაფრის მოსასწრებად გამოიცა მთავრობის განკარგულება და წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო მილიონ 11 ათას 032 ლარი. ამავე განკარგულების თანახმად, შესყიდვა უნდა მომხდარიყო პირდაპირი ფორმით, ერთ პირთან მოლაპარაკებით და არა -ელექტრონული ტენდერით, რადგან სწავლის დაწყებამდე მოსწრებულიყო ამ სკოლების დასრულება“, – განაცხადა მაისურაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, წყალტუბოში მიმდინარე წლის 3 სექტემბერს საჯარო სკოლებში სანიტარული კვანძების მოსაწყობად მილიონ 122 ათას 256 ლარი გამარტივებული შესყიდვის გზით, ტენდერის გამოცხადების გარეშე დაიხარჯა.