ჩემო მეგობრებო, ნუ შევუშინდებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მუქარის და შანტაჟის ფაქტებს. „ქართულ ოცნებას“ უკვე გავატანეთ რვა წელი და ნუ გავატანთ ამ შიშს მომავალ ოთხ წელსაც, -ასე მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ სოციალური ქსელით საქართველოს მოსახლეობას.
მისი ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის ხშირად ხდება დაშინება და შანტაჟი.
„იმის მაგივრად, რომ ან დებატებზე მოვიდეს ან თავად იაროს ხალხში, „ოცნების“ დეპუტატი ვოლსკი, პროვოკაციისთვის აგზავნის თავის ხალხს. მაგალითად, აგლაძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე, ცოტა ხნით ადრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ მოსახლეობასთან და პროვოკაცია მოუწყეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამომრჩევლებთან ყველა შეხვედრის დროს დაგვყვებიან საშუალო ასაკის ადამიანები, ძირითადად ქალბატონები. ტელეფონებით იღებენ, ვინ ესწრება შეხვედრას და შემდეგ, როგორც ჩვენი მხარდამჭერები გვეუბნებიან, მათ აშანტაჟებენ შვილებით, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებით და ა.შ. ფაქტობრივად, საბჭოთა პერიოდში დავბრუნდით“, – ამბობს ანა დოლიძე.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდა ამისა, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოციალურ ქსელში სისტემატურად აქვეყნებს ფოტო – მასალას, სადაც ასახულია მისის საარჩევნო კამპანიის ჩამოხეული პლაკატები.
„როგორც ცნობილია, 13 აგვისტოს, წერეთლის 105 ნომერში ანა დოლიძეს და მის გუნდის წევრებს საარჩევნო კამპანიის დროს, რამდენიმე ახალგაზრდა სიტყვიერად დაუპირისპირდა და დაემუქრა. ამ ფაქტზე თბილისის პოლიციის სამმართველოში ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო გამოძიება, მას შემდეგ, რაც დეპუტატობის კანდიდატმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. მიუხედავად ამისა, გამოძიებას ამ დრომდე შედეგი არ მოჰყოლია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.