წყალმომარაგების კომპანია: კასპის მუნიციპალიტეტში, ხიდისყურისა და საქადაგიანოს მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

661

რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ ტენდერი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების – ხიდისყურისა და საქადაგიანოს წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურის მოწყობა, რეზერვუარების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია.

ამასთან, გამრიცხველიანდება მოსახლეობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის დანაკარგს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორი სოფლის 2000-მდე მცხოვრებელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.

“ტენდერში მონაწილეობის მსურველები წინადადებების წარდგენას 23-დან – 28 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 16 თვე ექნება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია. მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. არსებული ჭაბურღილი და რეზერვუარები ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.