“ევროპული საქართველო” ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, მერიამ ბიუჯეტი 684 ათასი ლარით აზარალა.
მისი თქმით, ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ ქუთაისის მერიამ გარეგანათების ქსელისთვის 4 200 ცალი ახალი სანათი მოწყობილობის შესყიდვა დაგეგმა. მისი თქმით, ამ შესყიდვისთვის მერიამ არ გამოაცხადა ტენდერი და რამდენიმე წლის წინ უკონკურენტოდ დაუკვეთა სანათები კონკრეტულ მომწოდებელს.
შედეგად, კახიძის მტკიცებით, 90-ვატიან დიოდურ სანათში მერიამ 275 ლარი გადაიხადა, როცა ტენდერის მეშვეობით 150-ვატიანი სანათი 112 ლარი ჯდებოდა. შესაბამისად, მარტო ერთ შესყიდვაში ბიუჯეტიდან მოიპარეს 163 ლარი თითო სანათში, რაც 4 200 ერთეულზე შეადგენს 684 ათას ლარს.
“ქალაქში, სადაც მოუწესრიგებელია საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, ასეთი მასშტაბური და თავხედური კორუფციის ფაქტები არის დღემდე გამოუძიებელი. აღნიშნული ნიშნავს, რომ პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეებს, რისი მოტივიც შეიძლება იყოს კორუფციული გარიგება ან არჩევნებზე კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოყენება. ეს ყველაფერი დასრულდება 31 ოქტომბერს და ქვეყანაში მოვა გარდამტეხი ცვლილებები”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.