ხარაგაულში მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებელი შემცირდა

393

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფიზიკურ პირებს მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებელი შეუმცირდათ. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. 

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებებობის მშენებლობისთვის 1 კვმ-ზე მოსაკრებელი 2 ლარიდან ერთ ლარამდე შემცირდა.

კომერციული ფართების მშენებლობის მოსაკრებელი 1 კვმ-ზე კვლავინდებურად 2 ლარია, ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში თითოეული გრძივი მეტრისთვის – 1 ლარი.

საკურორტო ზონაში ფიზიკურ პირებს ერთ კვ.მ-ზე მშენებლობისთვის 1,5 ლარის გადახდა მოუწევთ, კომერციული ფართის მშენებლობისთვის – 2 ლარის, ხოლო სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის – 5 ლარის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეს საკითხი განსახილველად მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურმა წარადგინა.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მოსაკრებლის შემცირება მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მშენებლობა ისედაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.