საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ცხრა თვის განმავლობაში მშენებლობის 8 082 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით მეტია. საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარსექტემბერში გაცემულია 8 082 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტი) 5 391.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით მეტი). ნებართვების 77.0 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.9 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 935.3 ათასი კვ.მ ფართობის(წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67.5%-ით მეტი) 1 843 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9%-ით მეტი).
დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 38.0% მოდის ქ. თბილისზე, 11.6% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.4% -კახეთის რეგიონზე, 9.2% – იმერეთის რეგიონზე.