ბათუმში, ევროპის მოედანზე განთავსებული „მედეას“ ძეგლი დაზიანდა. პიედესტალზე, რაზეც მედეას ქანდაკებაა, მარმარილოს ფილები მოირყა და ძირს ჩამოცვივდა. ქანდაკება სპეციალური ჯებირითაა შემოსაზღვრული. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ შემთხვევა ძლიერი წვიმის დროს, გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.
ჯუმბერ კობალაძის განმარტებით, ელოდებიან ექსპერტთა ჯგუფს, მათი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი აღდგება ფილები თუ მთლიანად შეიცვლება შეფუთვა.
”უხვნალექიანობის დროს ჩამოვარდა ერთ-ერთი ფილა, კვარცხლბეკიც დააზიანა. ჩვენ იმ ღამითვე შემოვფარგლეთ ტერიტორია, რომ უსაფრთხო ყოფილიყო და გამვლელები არ მიახლოვებოდნენ. მეორე დღესვე მივმართეთ კომპანიას, რომელიც ძეგლების მოვლა პატრონობას ახორციელებს. დაიწყეს აღდგენა, მაგრამ საეჭვოდ ჩათვალეს, რომ შემდგომში შეიძლება ისევ განმეორებულიყო იგივე. მოიწვიეს ექსპერტიზა, ისინი დღეს ან ხვალ ჩამოვლენ თბილისიდან.
ამ დასკვნის საფუძველზე გადაწყდება ექვემდებარება თუ არა აღდგენას. თუ არ ექვემდებარება, მაშინ ფილები მთლიანად იქნება მოსახსნელი და ახალი შეფუთვა მოხდება” – განაცხადა აჭარის მაუწყებელთან მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორმა.
ევროპის მოედანზე მედეას ქანდაკება 2007 წელს დაიდგა.