1-ელი ოქტომბრიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომლები მომატებულ ხელფასს აიღებენ. მათი ანაზღაურება დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, პროცენტულად გაიზრდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მარინა მერაბიშვილის თქმით, მომატებულ ხელფასს ბაღების თანამშრომლები ახალი სასწავლო წლიდან მიიღებენ: „ჩვენ მერიასთან შეთანხმებით განვსაზღვრეთ დრო ახალი სასწავლო წლიდან, 1-ელი ოქტობრიდან დაემატება ყველა თანამშრომელს 5%-დან 30%-მდე ხელფასი“.
მისივე თქმით, ხელფასების ზრდის პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:
მენეჯერებს დაემატებათ ხელფასის დაახლოებით 10%;
მნეებს 20%-მდე;
მუსიკის პედაგოგებს 20%-მდე;
სპეც. აღმზრდელებს – 10%-მდე;
აღმზრდელებს – 20%-მდე;
აღმზრდელის თანაშემწეებს – 25%-მდე;
მზარეულებს 20%-მდე;
ექთნებს – 30%-მდე;
პროცენტული განსხვავება იქნება დიდი და მცირე ბაღების თანამშრომლებისათვის: „ქალაქში გვყავს ორჯგუფიანი, სამჯგუფიანი, ათ ჯგუფიანი ბაღები და ამიტომ განვსაზღვრეთ დიდი და პატარა ბაღები. 6 და 6-ზე მეტი ჯგუფები სადაც არის, მათთვის განსხვავებული ხელფასებია. მცირე ბაღების მენეჯერებს ხელფასის 5% დაემატებათ. ასევე განსხვავებული იქნება ექთნების, დამლაგებლების, მნეების, მუსიკის მასწავლებლების ხელფასები ქალაქის მცირე ბაღებში“, – ამბობს მარინა მერაბიშვილი.
საბავშვო ბაღებში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუსტად ერთი წლის წინ განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები 100 ლარით უნდა გაზრდილიყო.