„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“: პაატა მანჯგალაძის დაკავება საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად შეიძლება ჩაითვალოს

450

საარჩევნო ბლოკის „გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენლის პაატა მანჯგალაძის დაკავება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად, – ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, პაატა მანჯგალაძეს, რომელიც არის პარტიული სიის კანდიდატი, იცავს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლი, რაც გულისხმობს იმუნიტეტს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე. ფარულავას განცხადებით, პოლიციის მხრიდან მისი დაკავება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად.

„საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა. შესაბამისად, გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ასევე პოლიტიკური ბლოკი „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის’’ საარჩევნო კამპანიის ნაწილს და ხელის შეშლა არ იქნება აღქმული დემოკრატიული საარჩევნო გარემოსთვის დამახასიათებელ ქმედება“, – განაცხადა ფარულავამ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უზრუნველყოს თანაბარი და მშვიდობიანი გარემო პოლიტიკური სუბიექტებისთვის.

ცნობისთვის, პაატა მანჯგალაძე სამართალდამცავებმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გამართულ აქციაზე თბილისის მერიასთან დააკავეს.