პარლამენტის ბიურომ უარი თქვა დეპუტატ ლევან კობერიძის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დაწყებაზე, რომელიც სატელევიზიო დებატებში მმართველი გუნდის მონაწილეობას სავალდებულოს ხდის.
კობერიძემ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, რასაც პარლამენტის ბიურომ მხარი არ დაუჭირა.
კობერიძის თქმით, სამწუხაროა, რომ მმართველი გუნდი დებატების რეჟიმში არც ერთ სატელევიზიო არხზე არ მონაწილეობს. როგორც კობერიძემ განმარტა, საკითხი დღის წესრიგში კანონპროექტის სახით არც უნდა დამდგარიყო, მაგრამ რაკი ფონი ასეთია, მან პარლამენტს შესაბამისი ინიციატივა შესთავაზა.
„ის კომფორტული რეჟიმი, რაც თქვენთვის საზოგადოებრივ მაუწყებელზეა მოწყობილი… თუკი არჩევნების მიწურულს ცალკე ჩარჩოში გამოჩნდებით და ამას დებატებს დაარქმევთ, ეს საზოგადოების უპატივცემულობა და თავის მოტყუება იქნება. მარტო ბილბორდებიდან გვიმზერთ და საზოგადოებას ბილბორდებიდან უყურებთ“, – განაცხადა ლევან კობერიძემ ბიუროს სხდომაზე.
კობერიძის ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, თუ პოლიტიკურ დებატებზეა საუბარი, პირველ რიგში, დებატების ადგილი პარლამენტია, სადაც სხდომებში ოპოზიცია არ მონაწილეობს. მან განაცხადა ისიც, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებში მონაწილეობა სავალდებულოა, რასაც მმართველი გუნდი შეასრულებს.
დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა კი, კოლეგის ინიციატივას არაკონსტრუქციული უწოდა და როგორც განაცხადა, კობერიძეს აღნიშნული ინიციატივა პოლიტიკური პიარისათვის სჭირდება.
„თუ საკითხი ასეთი მნიშვნელობის მიგაჩნდათ, ამ ოთხი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც დაგეყენებინათ. ეს პიარი პოლიტიკური კულტურის ნაწილია – ეს არის უპატივცემულობა კოლეგებისადმი, რადგან ითხოვთ, ერთი პროექტის გამო პარლამენტი შეიკრიბოს და განიხილოს მაინცა და მაინც ის, რაც თქვენ გნებავთ“, – მიმართა კობერიძეს ირაკლი სესიაშვილმა.