მარნეულსა და ბოლნისში, ძალადობისა და საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას დაკავებული 4 პირის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

370

მარნეულსა და ბოლნისში, ძალადობისა და საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტის ფაქტზე დაკავებული 4 პირის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათიდან იმსჯელებენ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ლ.ქ. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინდა, რაც გულისხმობს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ჩადენილ ძალადობას.

ასევე, ძალადობის ფაქტებზე გ.შ.-ს წარედგინა ბრალდება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” და „გ” პუნქტებით, რაც გულისხმობს ძალადობას, ჩადენილს ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, ხოლო გ.ჯ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარედგინა ბრალი, რაც გულისხმობს ძალადობას, ჩადენილს ჯგუფურად.

პროკურატურამ ასევე ბრალი წარუდგინა ბოლნისში საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას, ორი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ა.ი-ს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილს ორი პირის მიმართ.