არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე , – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე 4 პირის დაკავების თაობაზე განცხადება გააკეთა.
მინისტრის მოადგილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.
„უწყების თითოეული თანამშრომელი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ ამოცანას და მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას ახდენს თითოეულ ინციდენტზე.
ჩვენ არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე“,- აღნიშნა ბორცვაძემ.
ასევე ბორცვაძემ მოუწოდა პარტიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარება.
„საპარლამენტო არჩევნების მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესში დემოკრატიის მაღალი ხარისხის დაცვას.
მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული სამართალდამრღვევი პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად“, – აღნიშნა ბორცვაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს.