ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიაში უარყოფენ “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს, თითქოს სწორედ “ქართული ოცნების” საარჩვნო შტაბის მითითებით აირჩიეს პირები კონკრეტულ პოზიციებზე. საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა მირანდა მესხმა “ლაივპრესს” უთხრა, რომ ეს ადამიანები კანონის სრული დაცვით აირჩიეს.
მისი განმარტებით, ააიპ-ების წარმომადგენლებს, თანამშრომლებს, რაზეც ენმ საუბრობს, არ ეზღუდებოდათ კონკურსში მონაწილეობა, რაზეც მანამდე ისაუბრა. თქვა, რომ სხდომებზე, უბნებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება, რომელში ჩარევის უფლებაც არავის ჰქონდა.
“მანდ არის შეზღუდვა, რომ ერთი და იგივე სუბიექტის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ ხელმძღვანელი პირები. მაგალითად, თუ ერთი რომელიმე იქნება, კონკრეტულად ეხება ეს ოცნებას და არა სხვა სუბიექტებს, ვინაიდან მას ჰყავს სამი წევრი, ერთი რომელიმე თუ დაფიქსირება, შემდეგ უკვე მათ კანდიდატების დასახელების უფლებაც კი ეზღუდებათ პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრებისა”, – გვითხრა მირანდა მესხმა.
მისივე ცნობით, 107-დან 104 უბანი უკვე გახსნილია და დაკომპლექტებულია. სამ საარჩევნო უბანზე – რუხის ორ, და ქალაქის მე-19 უბანზე კი 7-8 წევრი თვითიზოლაციაში იმყოფება ინფიცირებულთან კონტაქტის გამო. ამბობს, რომ ერთი უბნის წარმომადგენელთა ტესტირების პასუხი დღეს გახდება ცნობილი, დანარჩენი ორის კი 8-9 ოქტომბერს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტენ აქ პირველი სხდომების ჩატარების თარიღს, სადაც კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივნებს აირჩევენ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის განცხადებით, 30 სექტემბერს ადგილობრივ საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიების სხდომა გაიმართა, სადაც კომისიების თავმჯდომარეებად, მოადგილეებად და მდივნებად აირჩიეს სწორედ ის პირები, ვისზეც თავად საუბრობდნენ, და რომლებზეც წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია.
ოპოზიციური პარტიის მტკიცებით, ეს ყველაფერი არჩევნების გაყალბებას ემსახურება. საუბნო კომისიებში თანამდებობები წინასწარ რომ გადანაწილდა, ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობა” ჯერ კიდევ 30 სექტემბერს საუბრობდა.
პარლამენტის არჩვნები 31 ოქტომბერს გაიმართება.