ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, სექტემბრის თვეში 114 644 ლარის დაფინანსება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 350 ბენეფიციარს გაუწია. 113 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 80 495 ლარი გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად კი 52 ბენეფიციარი 4899 ლარით დაფინანსდა.
„სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა და სხვა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.