ლაგოდეხში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დღეიდან ლაგოდეხის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. შენობა აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის, სპეციალური ოთახია გამოყოფილი. გარე პერიმეტრი კი, სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი.
ამ დრომდე, ლაგოდეხის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი ძველ შენობაში იყო, სადაც მათთვის შესაბამისი პირობები არ არსებობდა.
ადმინისტრაციული ცენტრი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერ ჯონდო მდივნიშვილთან ერთად დაათვალიერა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 28 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 25 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.