პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაშმში მევენახეების მხარდასაჭერად აქცია გამართა. ინფორმაცის კახეთის ხმა ავრცელებს.
პარტიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მევენახეები სოფელში შეიკრიბნენ და რთველთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები გააპროტესტეს.
მევენახეების თქმით, ადგილწარმოშობის ყურძენზე დაბალი ფასის გამო, ვენახის მოვლაზე დახარჯულ თანხას ვერ ინაზღაურებენ.
მათი განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლებამ მევენახეთა პრობლემების მოგვარებაზე იმუშაოს.
“სოფელში ხარისხიანი კახური ღვინო ოცი ლარი ღირს. ხაშმში განსხვავებული ჯიშებია ვაზის, ყურძენიც განსაკუთრებულია და ცოტა მეტი მაინც ღირდეს.
მე შარშანდელი ღვინოც ვერ გავყიდე, გამიფუჭდა. წელსაც არ მაქვს ადგილი, რომ სადმე დავწურო. ჩვენი ძირითადი შემოსავალი ვენახიდან მიღებული თანხაა. მოვლაზე ამდენ ფულს ვხარჯავთ და ვერ ვინაზღაურებთ. მუშახელიც გაძვირებულია. სირცხვილია ხაშმის საფერავი ლარი ღირდეს’’,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
პარტიის სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანისა და საგარეჯოს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ქვლივიძე აცხადებს, რომ სოფელ ხაშმში, მევენახეების უმეტესობა მოწეულ ყურძენს ვერ ყიდის. მისი თქმით, აუცილებელია სახელმწიფო მევენახეების პრობლემით დაინტერესდეს.
“ჩვენი აქცია რთველის არაორგანიზებულად ჩატარებას უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ ხაშმის მოსახლეობას შევხვდი და აღმოჩნდა რომ, ყურძენი სიმწიფეშია და მევენახეებს საშუალება არ აქვთ დაკრიფონ და ჩააბარონ. არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან არის მითითება, თუ როდის და როგორ მოხდეს ჩაბარება. არც ფასია შესაბამისი.
ხაშმის საფერავი გამორჩეულია და განსაკუთრებული თვისებები ახასიათებს, ამას არავინ აქცევს ყურადღებას. მაშინ როცა ვამაყობთ და ასეთი ჯიშის ყურძნები გვაქვს, რქაწითელის ან საფერავის ჩაბარება ხდება ერთ ფასად. სწორედ ამის გამო, მომავალ წელს მევენახე აღარ მიხედავს განსხვავებული ჯიშის ყურძენს. ეს საკითხი აუცილებელია გაჟღერდეს, მიხედოს ხელისუფლებამ ამ ხალხს. თუ არ დაფასდა მათი შრომა, ჩვენ ვეღარ დავაინტერესებთ მევენახეს, რომ მიხედოს ყურძენს. უნდა იგრძნონ, რომ მათ შრომას აქვს ფასი’’,– განაცხადა ეკა ქვლივიძემ.