წულუკიანის თქმით, ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას არასდროს შეწყვეტენ

531

წინა სტატია

იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი, თეა წულუკიანი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ მათი პარტიის ეკონომიკური პროგრამის წარდგენაზეც ყოფილ ხელისუფლებაზე ისაუბრეს. მეტიც, ის ამბობს, რომ ამას უფრო ხშირად გაიმეორებენ და არასდროს შეწყვეტენ მათ კრიტიკას.

“აქ ითქვა დღეს და მე რომ მომეცემა შესაძლებლობა ვიყო პარლამენტში, ამას გავიმეორებ ძალიან ხშირად: არასოდეს არ მივცემთ დავიწყებას “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის წლებს, არასოდეს”, — განაცხადა მან.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ეკონომიკური პროგრამის წარდგენაზე ყოფილი ხელისუფლებას და მათთან შედარებას დიდი დრო დაუთმო. ივანიშვილმა ისევ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ “ვერ აირიდა ავანტიურა”, დაიწყო ომი და მთავარსარდალი ომის დროს “ლაჩრულად” გაიქცა ბრძოლის ველიდან. წინა ხელისუფლებას მან მედიის, სასამართლოს, ბიზნესის ადამიანის უფლებების შეზღუდვაც წამოაძახა.

“თავს ვალდებულად მივიჩნევ, ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო ჩემს ხალხს, და ვაჩვენო, სად ვიყავით 8 წლის წინ, როდესაც ხელისუფლება გადავიბარეთ, და სად ვართ ახლა.

რამდენადაც არასასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს, ჩვენ უდავოდ ვალდებულნი ვართ ობიექტურად შევაფასოთ და, არა მარტო ჩვენს ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს, საქართველოს ყველა მოკავშირესა და მეგობარს, კიდევ ერთხელ, პირუთვნელად და მიუკერძოებლად შევახსენოთ, როგორი დესპოტური და კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას ცხოვრება, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, რა მემკვიდრეობა ჩავიბარეთ წინა ხელისუფლებისაგან, და რისი გაკეთება შევძელით განვლილი ურთულესი წლების განმავლობაში”, — განაცხადა მან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ივანიშვილი და მისი გუნდი საკუთარ წარმატებებზე საუბრის ნაცვლად, დროს ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას უთმობს.