სოხუმის რეჟიმი აცხადებს, რომ გალში დაკავებულ ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა იპოვეს

497

შემდეგი სტატია

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ბებუას საცხოვრებელ სახლში “ჩხრეკისას ნაპოვნია ხელყუმბარა РГ- 42 ” და მას სოხუმის რეჟიმი “დროშის შეურაცხყოფის” და ქონების დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ დაზიანება-განადგურების გარდა, უკვე იარაღის უკანონოდ შეძენა-ფლობასაც აბრალებს. მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“გამოძიება დაწყებულია და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სხვისი ქონების განზრახ დაზიანების, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის ფაქტზე, ასევე, 1993 წელს დაბადებული ირაკლი ბებუას საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ხელყუმბარის ფაქტებზე”, – აცვხადებენ დეფაქტო შს სამინისტროში.

დეფაქტო უწყების ცნობით, ბებუას 30-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ოკუპანტების მიერ დაკავებული ირაკლი ბებუა გალის ციხიდან სოხუმის ციხეში გადაიყვანეს. ამის შესახებ შეტყობინება ბრალდებულის ოჯახმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიიღო.

ახლობლების ინფორმაციით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა შიშობენ, რომ ის მძიმე დაავადებების გამო შესაძლოა გართულდეს. ოჯახი სახელმიწოფო უწყებებს სთხოვს, ირაკლი ბებუა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანონ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქემ, ოკუპირებულ გალში, მაშინ როდესაც ადგილობრივი სეპარატისტული მთავრობა ე.წ. “დამოუკიდებლობის დღეებს” ზეიმობდა, დემონსტრაციულად დაწვა თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. დროშა და შემდეგ დაკითხვისას, განმარტა, რომ ეს “ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთბების დაბრუნების სურვილით გააკეთა, რომ უნდა ძველებურად ყველა ერთად და მშვიდად ცხოვრობდეს”.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები. განცხადებაში ასევე წერია, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

დაკავებულის ოჯახი უკვე შეხვდა სახალხო დამცველს. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო შესაბამის სტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა უმოკლეს დროში გაათავისუფლონ გალში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე. თავად ბებუამ დაკითხვისას განმარტა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს არც დროშასთან და არც აფხაზ ხალხთან. მამაკაცი განმარტავს, რომ მისი ამ ქმედების მიზანია გამოხატოს აფხაზებისა და ქართველების მეგობრულად ცხოვრების სურვილი.