„ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი მომავალ პარლამენტში შექმნას საკმაოდ საინტერესო ოპოზიციური დაჯგუფება, – ასე გამოეხმაურა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მმართველ პარტიას მე-10 მოწვევის პარლამენტში 100 დეპუტატით შესვლის რესურსი აქვს.
უსუფაშვილის თქმით, მე-9 მოწვევის პარლამენტს, მე-8 მოწვევის პარლამენტი ცალსახად სჯობდა, მაგრამ მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნება უფრო კარგი.
რაც შეეხება თავად მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებას, უსუფაშვილის თქმით, სინამდვილეში პარლამენტი ქვეყანას არ ჰყოლია.
„მე-8 მოწვევის პარლამენტიც სანახევროდ პარლამენტობდა, მაგრამ მე-9 მოწვევის პარლამენტი არ გვყოლია. პარლამენტი არის კამათის ადგილი, სადაც ადამიანები სხვადასხვა საკითხზე კამათობენ, ერთმანეთის რაციონალურ მოსაზრებებს აჯერებენ და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებენ. განვლილი 4 წლის განმავლობაში შემახსენოს ვინმემ ერთი შემთხვევა, როდესაც პარლამენტში დებატებისა და კამათის შედეგად ადამიანები დასხდნენ და თქვეს, რომ თქვენ ამას ამბობთ სწორად, თქვენ ამას და ახლა ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთან, როგორც უსუფაშვილი ამბობს, პარტიის შიდასარგებლობისთვის ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღეს „ლელო“ მყარად არის მესამე პოლიტიკური ძალა.