ქუთაისის საკრებულომ ნიკეას ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი იჯარის წესით გაასხვისა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ტერიტორია 2040 წალმდე დიმიტრი ალავიძეს გადაეცა. ის ვალდებულია უზრუნველყოს გადასასვლელის შეუზღუდავი ფუნქციონირება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ასევე უზრუნველყოს სანიტარული ნორმების სრული დაცვა, მიწისქვეშა გადასასვლელში დაამონტაჟოს განათება და ვიდეო-კამერები. ასევე, ვალდებულია აღადგინოს საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რომელიც უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში, ჰიგიენური ნორმებისა და წესრიგის დაცვით.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია მოქალაქეს საშეღავათო პერიოდით გადაეცა, რაც უახლოესი 1 ან 2 წლით მას გადასახადისგან ათავისუფლებს.
მიწისქვეშა გადასასვლელზე იჯარის უფლება პირველად 2010 წლის 2 ივნისს, აკაკი კუხალაშვილზე გაიცა. ვალდებულბების შეუსრულებლობის გამო მერიამ 2016 წლის 25 ივლისს მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.