დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა არჩევნებზე ხმების დასაცავად მემორანდუმი გააფორმეს

729

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ამომრჩეველთა ხმების დაცვასა და დარღვევების შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“, „გირჩის“, „პატრიოტთა ალიანსის“, „თავისუფალი საქართველოს“, „გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტიისა“ და „რეფორმერის” მაჟორიტარობის კანდიდატებმა, ასევე მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ანა დოლიძემ და გიორგი ქაჯაიამ.

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.

„ჩვენი ქვეყნის მომავლის ფორმირება  საარჩევნო უბნებზე მოხდება. შესაბამისად, დღეს სხვადასხვა პარტიის და ასევე, მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატები ვერთიანდებით ერთი ამოცანის ირგვლივ, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მსოფლმხედველობისა. ეს ამოცანა არის 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლის ნების აღსრულება. ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ იქნება ბევრი მცდელობა, ამომრჩეველმა ადგილზე ვერ გამოხატოს თავისუფალი ნება. ინფორმაციის გაცვლის შედეგად, მოვახდენთ კოორდინირებას, რომ დავიცვათ ამომრჩევლის ნება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით კი, აღნიშნული ინიციატივა კარგია, რომელსაც პოლიტიკური სპექტრი ცივილიზებული პოლიტიკური ქცევისკენ მიჰყავს.

“საარჩევნო უბანზე გვეყოლება დამკვირვებლები და წარმომადგენლები, რომ ყველამ დაიცვას ხმები და არ იყოს ისეთი სიტუაცია, როცა სხვა პარტიებს აწყობთ, ერთი პარტიის ხმები დაიკარგოს. საბოლოო ჯამში შევჯერდით, რომ მემორანდუმი გავაფორმოთ. რამდენად იმუშავებს არ ვიცი, ვნახოთ. საბოლოო ჯამში, ინიციატივა სწორია, კარგია და მას მივყავართ ცივილიზებული პოლიტიკური ქცევისკენ, მე ორივე ხელით მხარს ვუჭერ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.