სუბარი: ოქრიაშვილს ძალიანაც უნდოდა “ოცნების” მაჟორიტარობა, ჩვენ უარი ვუთხარით

350

“ქართული ოცნების” სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ოცნების ყოფილ წევრს, კახა ოქრიაშვილს “ძალიანაც უნდოდა” ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ყოფილიყო, რაზეც პარტიამ უარი უთხრა. სუბარის თქმით, ამაზე პარტიის შიგნით კამათიც ჰქონდათ.

“იმიტომ, რომ არ იყო საიმედო ადამიანი და არ იყო იმ ღირებულებების ადამიანი, რომელიც ჩვენთან შეიძლება ყოფილიყო. გასაგებია, ამ 4 თუ 8 წლის განმავლობაში ის იყო ჩვენთან, გადმოპორტირდა თუ როგორც ქვია, მაგრამ აქ ოცნებამ უარი უთხრა”, — განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ოქრიაშვილმა პარტიისგან უარი მიიღო, წავიდა და “ვითომ დამოუკიდებელი” პარტია შექმნა, მერე კი უცებ ხუთი ნომერი “აიკრა”.

კახა ოქრიაშვილი 2004 წლიდან პარლამენტის წევრია. 2016 წლამდე ის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო, 2016 წელს კი ქართული ოცნების მაჟორიტარად გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა და პროფესიონალ, ინიციატივიან ადამიანად დაახასიათა. “ქართულ ოცნებასთან” უთანხმოების შემდეგ, მან გუნდი დატოვა და პარტია, “პროგრესი და თავისუფლება” დააფუძნა.