ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქში, “ტრიბუნას” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გელა კვარაცხელია ამბობს, რომ შსს-დან აღებული ახალი ცნობის მიხედვით, მას ნასამართლეობა აღარ უწერია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ჩემი კანდიდატად რეგისტრაცია შესაძლებელია და არავითარი პრობლემა აღარ არის. ხელისუფლებამ გამოასწორა თავისი შეცდომა და ჩემი ნასამართლეობის საკითხი შეცვალა კანონიერი ცნობით,“ – ამბობს კვარაცხელია.
28 სექტემბერს გელა კვარაცხელიამ ახალციხეში საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის მის კანდიდატად დარეგისტრირებას ხელს მიზანმიმართულად უშლიდნენ. მისი თქმით, შსს–დან გამოთხოვილ დოკუმენტებში ეწერა, რომ ის ნასამართლევია, რაც სიცრუეა.
„მართალია ცესკო არ ითხოვს ნასამართლეობას, მაგრამ რეგისტრაციისთვის შსს–დან ცნობას რომ იღებ, შემდეგ ეს ცესკოში შეგაქვს, მათ მაინც უწევთ შსს-ში გადამოწმება, ესა თუ ის პირი რაზეა ნასამართლევი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იარაღის თემასთან დაკავშირებით დამაკავეს, მაგრამ მალევე გამათავისუფლეს, ნასამართლევი არ ვარ“.