ფოთის მუნიციპალიტეტში ავტოპარკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, -ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკი, არსებულ ტრანსპორტთან ერთად, იმ ათ ახალ ავტობუსებს, მოემსახურება რომლებსაც ქალაქი მიმდინარე წელს ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში მიიღებს.
ამასთან, ახალი ავტოპარკის მშენებლობა და 10 ახალი ავტობუსის შემოყვანა ქალაქში გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხს და ფოთელებისათვის ქალაქში გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის. ახალი ავტობუსები ასევე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
,,ფოთში დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მოქალაქეებისთვის ნაკლებად მიმზიდველია მოძველებული ტრანსპორტის გამო. ავტოპარკის განახლების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს საჯარო ტრანსპორტით. ქალაქის ფუნქციონირებას და მოქალაქეების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოწესრიგებული საჯარო ტრანსპორტი როგორც სწრაფი, ეფექტიანი და იაფი გადაადგილების საშუალება”,- განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
ქალაქში დაწყებულია ავარიული გზების რეაბილიტაცია. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 3 ქუჩაზე მიმდინარეობს, უახლოეს დღეებში კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები 12 ქუჩაზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ მოსახლეობას კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ყველაფერი ეს, ერთად, გააადვილებს გადაადგილებას და გააუმჯობესებს მუნიციპალური ტრასნპორტის მომსახურების ხარისხსაც.