“ნაციონალური მოძრაობა” “პარკინგსერვისს” კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

467

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია მერიის დაქვემდებარულ შპს “პარკინგსერვისს” კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

მისი განცხადებით, მაშინ როცა კომპანიას ბიუჯეტში მოგება უნდა შეეტანა და ჯარიმებისა და ქირის სახით 2 მილიონ ლარზე მეტიც მიიღეს, ბიუჯეტში დავალიანება 1 784 000 ლარამდე დაუგროვდათ.

ამ ფონზე კი ქუთაისის საკრებულო “პარკინგსერვისს” ვალის გადასახდელად 9 წლიან გრაფიკს სთავაზობს. ახალი გრაფიკის მიხედვით, 1 784 000 ლარის  დავალიანება “პარკინგსერვისმა” 2029 წლამდე უნდა დაფაროს.

“ჯარიმების სახით ამოღებული  თანხები დაიხარჯა ,,ქართული ოცნების” აქტივისტების შესანახავად და კიდევ აპირებენ დავალიანება ჩამოაწერონ. აქციეს საკუთარი კორუფციული შემოსავლების წყაროდ. პრობლემა იმაშია, რომ არცერთი საპარკინგე ადგილი არ დამატებია ქალაქს, რაც ,,პარკინგსერვისი” შეიქმნა. ამ ფონზე მილიონზე მეტი დავალიანების ჩამოწერას და გადავადებას აპირებს მათთვის ქუთაისის საკრებულო. ხვდებიან, რომ არჩევნებს წააგებენ და ცდილობენ ეს თემა იურიდიულად დაალაგონ,” – განაცხადა შუშანიამ.

“პარკინგსერვისში” ბრალდებაზე  კომენტარს არ აკეთებენ.

შპს “პარკინგსერვისი” საბიუჯეტო ვალდებულებებს, რომ  არ ასრულებს, ამის შესახებ ქუთაისის მერიას ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან” ჯერ კიდევ 2018 წელს შეახსენეს, მაშინ კომპანიის დავალიანება ქუთაისის ბიუჯეტში 1 240 246 ლარს შეადგენდა.

ქუთაისში პარკინგის სისტემის მოსაწესრიგებლად  შპს „პარკინგსერვისი” ქალაქის მერიამ 2015 წელს შექმნა.