მარიამ ჯაში: თუკი ვითარება არ შეიცვალა და ოპოზიციურ პარტიებს არ მიეცა კამპანიის ეფექტური განხორციელების საშუალება, შესაძლოა, კითხვის ქვეშ დადგეს არჩევნების შედეგები

669

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში პანდემიის ფონზე არასამართლიან წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს, სადაც უპირატესობა მმართველ გუნდს გააჩნია.

როგორც ჯაში აცხადებს, მთავრობამ, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყონ ინეტპარტიული დიალოგი თუ როგორ ხედავენ ისინი სამართლიან და თავისუფალ გარემოში ეპიდვითარების გათვალისწინებით არჩევნების ჩატარებას.

“2020 წლის არჩევნები არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ეს არის ტესტი საქართველოს დემოკრატიის და გარდა დღემდე არსებული პრობლემებისა, რომელიც არჩევნებს ახლდა თან, მმართველი გუნდის ბუნებრივი უპირატესობის პირობებში, კოვიდ პანდემია კიდევ უფრო ართულებს საარჩევნო გარემოს ოპოზიციური ჯგუფებისთვის.

თავად ეპიდვითარების ფონზე მართვის სრული ბერკეტები არის მმართველი გუნდის ხელში. პრაქტიკულად შეუძლებელია საარჩევნო კამპანიის ჩატარება, შეხვედრები ჩვეულ ვითარებაში მოსახლეობასთან და დღეს მმართველი გუნდის სახელით ხდება ყველა იმ სოციალური დახმარების გაწევა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით თუ საერთაშორისო დახმარების გზებით მიეწოდება საზოგადოებას. ვფიქრობ, ამ ვითარებაში არ არის უზრუნველყოფილი სამართლიანი და თავისუფალი გარემო წინასაარჩევნო პერიოდის და როგორც მთავრობამ, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყონ ინეტპარტიული დიალოგი და შეთანხმება თუ როგორ ხედავენ ისინი სამართლიან და თავისუფალ გარემოში ეპიდვითარების გათვალისწინებით არჩევნების ჩატარებას. თუკი ვითარება არ შეიცვალა და ოპოზიციურ პარტიებს არ მიეცა წინასაარჩევნო კამპანიის ეფექტური განხორციელების საშუალება, შესაძლოა, კითხვის ქვეშ დადგეს არჩევნების შედეგები, ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართავთ როგორც პრემიერს, ასევე პრეზიდენტს და დიპლომატიურ კორპუსს, რომ კითხვები, რომელიც დაგროვილია პანდემიის ფონზე ასევე უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე, იყოს პასუხგაცემული,”- განაცხადა ჯაშმა.