წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა, მუქარის 24 შემთხვევა გამოვლიდა. ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
ამავე კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ.
“ზუგდიდში, „ლელოს“ წევრ ქალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, ფეისბუქზე საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით. პარტიის წარმომადგენლების თქმით, “ლელოს’’ წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი მანკიერ პრაქტიკად იქცა. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა ინფორმაცია მისი გუნდის წევრი ქალის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ. იგი თანაგუნდელის ვინაობის შესახებ მისი პერსონალური ინფორმაციის დაცვის გამო არ საუბრობს. ქალი ოპოზიციონერების მიმართ ამგვარი შანტაჟის შემთხვევათა გამოძიება და დამნაშავეთა ადეკვატურად დასჯა საგამოძიებო ორგანოთა პრიორიტეტი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხარდაჭერის განცხადებები ფორმალურ, უშინაარსო ლოზუნგებად დარჩება”,- ნათქვამია კვლევაში.
კვლევის თანახმად, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსად რჩებიან და ხშირია მათი საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის მცდელობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების, უმეტესად, კი მმართველი პარტიის მიერ.
“თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მრელაშვილმა, საჯარო სკოლის დირექტორებთან ერთად, ისაუბრა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების მხრიდან სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. ბოლო პერიოდში, არაერთ დირექტორს ტელეფონზე ანონიმურად უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ თავი დაანებონ აქტივობას და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რადგან „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია და ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლისას, ისინი არ დარჩებიან თანამდებობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს რამდენიმე სკოლის დირექტორმა, ანონიმურად დაუდასტურა, რომ კოლეგებისგან სმენია ასეთი ფაქტების შესახებ,”- ნათქვამია ანგარიშში.
ცნობისთვის, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდს მოიცავს.