წინასაარჩევნო პერიოდში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 7 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში მთავარ გამოწვევას ამომრჩეველზე, აქტივისტებზე და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტები წარმოადგენს.
“ამგვარი შემთხვეევბის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და აზიანებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. ერთი მხრივ, ართულებს პოლიტიკოსების დაუბრკოლებელ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვასა და განხორციელებას. ასევე, გამოწვევად რჩება ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, რომელთა რაოდენობა იმატებს საარჩევნო პროცესების გააქტიურებისა და არჩვნების დღის მოახლოებასთან ერთად. უკიდურესად მნიშვნელოვანია ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტებზე დროული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება და დამნაშავე პირთა დასჯა.
28 სექტემბერს, სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს და ფეხში დაჭრეს. დაზარალებულს თავდამსხმელი არ დაუნახავს. ოპოზიციურ პარტიაში მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებენ. 27 სექტემბერს, ბოლნისში, მმართველი პარტიის და „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატების წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, იქ მყოფმა რამდენიმე პირმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. ასევე, ოპოზიციონერი კანდიდატის, ოქრიაშვილის თქმით, მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდამჭერები ჰაერში ისროდნენ ცეცხლსასროლი იარაღიდანაც”,- ნათქვამია ანგარიშში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლნისისა და დმანისის ოლქში არსებული სიტუაცია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
“აუცილებელია სამართალდამცავებმა დროულად და ობიექტურად გამოიძიონ მომხდარი ძალადობის ფაქტები, ხოლო პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა უარი თქვან ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე”,- აღნიშნულია კვლევაში.
ცნობისთვის, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდს მოიცავს.