ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესის შემოთავაზებული ცვლილება 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევაა, – ამის შესახებ განცხადებას „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს.
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს მმართველ პარტიას, რომ პროცესის დაჩქარებასა და გამარტივებაზე ორიენტირების ნაცვლად, გამოავლინოს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება.
ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიცია უნდა ჩაერთოს ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში, წამოაყენოს და განიხილოს ყველასთვის მისაღები კანდიდატურა, რათა ხელი შეუწყოს მთავარი მიზნის – ცესკოს მიმართ ნდობის გაზრდის – მიღწევას.
„14 დეკემბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესი.
შემოთავაზებული ცვლილებებით, მარტივდება ცესკოს თავმჯდომარის/პროფესიული წევრის არჩევის პროცესი და თუ აქამდე საჭირო იყო ოთხი კენჭისყრა, ახლა საკმარისი ხდება ორი კენჭისყრის ჩატარება. კერძოდ: პირველ ჯერზე საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს, რომლებმაც ბოლო კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ცვლილებებით, ასევე, უქმდება კენჭისყრებს შორის პერიოდში დადგენილი ვადა.
შემოთავაზებული ცვლილებების განმარტებითი ბარათის მიხედვით, კენჭისყრის მოქმედმა წესმა კანდიდატების საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, კონსენსუსით არჩევის წახალისება ვერ უზრუნველყო და მხოლოდ პროცესის გაჭიანურება გამოიწვია.
“სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებების მიზანია, შეთანხმების მცდელობაზე ორიენტირების ნაცვლად, მმართველი პარტიის ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარება და გაადვილება. ეს, კი, კიდევ ერთი უკანდახევაა 19 აპრილის შეთანხმებიდან, რომლის სულისკვეთებას პარტიებს შორის თანამშრობლობის ხელშეწყობა, შეთანხმების მიღწევის წახალისება წარმოადგენდა. მმართველი პარტიის მიერ ერთპიროვნული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ საკითხზე, როგორიც ცენტრალური სარჩევნო კომისიის პროფესიული წევრებით დაკომპლექტებაა, ხელს არ უწყობს დემოკრატიის კონსოლიდაციას ქვეყანაში.
2021 წლის 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ცესკოს პროფესიული შემადგენლობის მაღალი კვორუმით დაკომპლექტება იყო, რაც პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევისა და თანამშრომლობის მხარდაჭერას გულისხმობდა. შეთანხმების საფუძველზე, ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების 5 წლით არჩევისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა გახდა საჭირო. ასეთი მხარდაჭერის მიუღწევლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია სამი კენჭისყრა განსხვავებული კვორუმით. ბოლო კენჭისყრაზე კანდიდატის ასარჩევად უბრალო უმრავლესობაა საკმარისი. დაბალი კვორუმით არჩეული თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადა 6 თვეა. 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე ცესკოში წარმოშობილ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის არჩევის დროებითი წესის მიხედვით, კენჭისყრებს შორის დადგენილი ოთხკვირიანი შუალედი ერთ კვირამდე შემცირდა.
კენჭისყრათა რაოდენობა და მათ შორის შუალედი გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის კონსენსუსის მისაღწევად და მოლაპარაკებისათვის საჭირო დროის მისაცემად. არსებული გამოცდილებით, 2021 წელს, პარლამენტმა, დაჩქარებული რეჟიმით, მხოლოდ რამდენიმე დღიანი შუალედით ჩაატარა 3 კენჭისყრა. წარდგენილი კანდიდატურების ⅔-ითა და მესამედ ⅗-ით არჩევა ვერ მოხერხდა. ბოლო, მეოთხე კენჭისყრაზე კანდიდატთა ასარჩევად, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა იყო საკმარისი. შესაბამისად, მმართველმა პარტიამ ხმათა საჭირო რაოდენობის უზრუნველყოფა შეძლო. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრათა შორის კანონით დადგენილი ერთკვირიანი შუალედი დაცული არ ყოფილა.
„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს დაკომპლექტების შეფასებისას კვლავ ერთგულია შეფასებისა, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება უნდა აისახოს კანდიდატების მრავალპარტიულ მხარდაჭერაში. თავმჯდომარის/წევრების არჩევის ბოლო პროცესმა კი დაადასტურა, რომ უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის პირობებში, პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრისათვის მისაღები კანდიდატის შესარჩევად სათანადო ძალისხმევა არ გაწეულა.
პარტიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისა და პოლარიზაციის შემცირების საჭიროების გათვალისწინებით, “სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს:
მმართველ პარტიას, რომ პროცესის დაჩქარებასა და გამარტივებაზე ორიენტირების ნაცვლად, გამოავლინოს კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება;
ოპოზიციას, რომ ჩაერთოს ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში, წამოაყენოს და განიხილოს ყველასთვის მისაღები კანდიდატურა, რათა ხელი შეუწყოს მთავარი მიზნის – ცესკოს მიმართ ნდობის გაზრდის – მიღწევას“, – აღნიშნულია განცხადებაში.