მარნეულში ძნელად თუ შეგხვდებათ ხე რომლიდანაც მაჟორიტარობის კანდიდატები არ გიყურებენ. ერთი ხიდან „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი ზაურ დარგალი იყურება, მეორედან „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტრი კანდიდატი ახმედ იმამკულიევი, მესამიდან კი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი აზერ სულეიმანოვი. მარნეულში თითქმის ყველა ხეზე პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო პლაკატებია გაკრული. აღნიშნული ქმედება კი დასჯადია. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
2020 წლის 4 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ის ადგილები განსაზღვრა, სადაც წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრაა აკრძალული. ამ ჩამონათვალში მოხვდა ხე-მცენარეებიც.
„წელს, სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებით, აკრძალვებს დაემატა სამი სუბიექტი, სადაც არ შეიძლება გაიკრას წინასაარჩევნოდ მასალა. ეს ადგილებია მარნეულში 26 მასის ქუჩაზე მდებარე დეკორატიული ღობე, მოსაცდელები და ასევე, ხე-მცენარეები. ასევე, დღევანდელ სხდომაზე განიმარტა, რომ არ შეიძლება გაიკრას სააგიტაციო მასალები ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა გარე და შიდა ფასადები, საკულტო ნაგებობებზე (ეკლესია, მეჩეთი სასაფლაო და ა.შ), სარიტუალო ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ასევე აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა, მარნეულში კულტურის სახლთან მდებარე დეკორატიულ ღობეზე, დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდზე და მასზე განთავსებულ რკინის კონსტრუქციებიზე. რაც შეეხება ადგილებს, სადაც მსგავსი პლაკატების გაკვრა დაშვეულია, ეს არის ელექტრობოძები, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ასევე, მაღაზიებთან და კერძო ობიექტებთებთან, მფლობელთან შეთანხმების საფუძველზე,“ – განაცხადა საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნინო ბერიძემ 4 სექტემბერს.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ მისი წინასაარჩევნო პლაკატები მარნეულში ხეებზე მანამ გააკრეს, სანამ საკრებულო აკრძალვას დააწესებდა.
„ჩვენ ველოდებოდით, რომ გვენახა თუ რას იზავდა „ქართული ოცნება“ თავისი წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრისას და ქართული ოცნების წარმომადგენელმა მოქმედმა მერმა, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ კანდიდატია, თავისსავე გაცემული კანონი დაარღვია. მე ხვალისათვის ქალაქ მარნეულში ხეებზე რა პლაკატებიცაა „ევროპული საქართველოსი“ ყველაფერს ჩამოვხევ და ვნახოთ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ მოიქცევა,“ – თქვა ახმედ იმამკულიევმა.
„ევროპული საქართველოს“ მსგავსად, ჯერ არ დაჯარიმებულა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“. როგორც „ენმ“-ს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა აგილ მუსტაფაევმა თქვა, მათ ხეებზე საარჩევნო პლაკატების გაკვრის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სხვა კანდიდატების პლაკატები დაინახეს გაკრული.
რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობენ „ქართულ ოცნებაში“.
რადიო „მარნეული“ ამ დრომდე ელოდება პასუხს მარნეულის მერიისა და საოლქო საარჩევნო კომისიისაგან რათა გავიგოთ, თუ რა სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ.
საარჩევნო პლაკატის ხეზე გაკვრის გამო რიგითი მოქალაქე 1 000 ლარით, ხოლო საჯარო მოხელე 2 000 ლარით ჯარიმდება.