„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება“ არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს შორის დისკუსია და ერთმანეთისთვის ტალახის სროლა, ზოგადად წინასაარჩევნო კამპანიას აზიანებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ არ არის სასიამოვნო იმ პოლემიკაში შესვლა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩვენი ინიციატივით არ დაწყებულა. ჩვენ მუდმივად მოპასუხის როლში ვიყავით. ბუნებრივია ყველა ხვდება როგორი ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგევართ – ან ქვეყანა დაიღუპება, ან გადავარჩენთ და ყველანი ერთად ჩავებმებით იმ ფერხულში, რომელსაც ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა ჰქვია. ასეთ დროს ოპოზიციას შორის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა დამაზიანებელია მთელი კამპანიისთვის. არ მივიჩნევთ, რომ ოპოზიციური პარტიები ჩვენი კონკურენტები არიან. ისინი ჩვენი მომავალი მოკავშირეები არიან. კონკურენტი მხოლოდ მმართველი პარტიაა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეიდან წყვეტს ოპოზიციურ პარტიებთან დისკუსიაში მონაწილეობას. ეს საერთო მიზნისთვის დამაზიანებელია“, – აღნიშნულია ენმ-ს პრესსამსახურის ინფორმაციაში.