კობახიძე ნინო ლომჯარიას აკრიტიკებს: ოპოზიციონერი ომბუდსმენი აკეთებს სამარცხვინო განცხადებებს

375

წინა სტატია

“ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველს აკრიტიკებს და მას უპასუხისმგებლოს, სამარცხვინოსა და ოპოზიციონერ ომბუდსმენს უწოდებს. ამ ფორმით ეხმაურება ის ლომჯარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წევრებს ემუქრებიან.

კობახიძის თქმით, რამდენიმე წელია ლომჯარია აცხადებს, რომ ვიღაცეებს ემუქრებიან და ძალადობენ, მაგრამ ვერცერთხელ ვერ დაასახელა, ვისზეა საუბარი. მისი თქმით, ეს ეჭვს აჩენს და უპასუხისმგებლობაა.

“ომბუდსმენი არსებითად იგივეა, რაც NGO, სამწუხაროდ. […] მე რომ ვიყო, წარმოიდგინეთ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მივდივარ ომბუდსმენთან და ვეუბნები, რომ ჩემზე არის ზეწოლა, გთხოვთ, ჩემი სახელი არ დაასახელოთ, რაც უპასუხისმგებლობაა.

იგივე სკანდალი თქვენ არ გახსოვთ ID ბარათებთან დაკავშირებით? თავი რომ ჩაღუნა ომბუდსმენმაც და მთელმა არასამთავრობო სექტორმა?! გამოვიდნენ და თქვეს, რომ არ ასახელებდნენ საკუთარ გვარებს, მაგრამ იბეჭდებოდა სადღაც ID ბარათები. ბოდიშიც არ მოუხდიათ მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ყველაფერი იყო ნათელი.

იგივე სამარცხვინო რამეა ესეც, როდესაც შენ გამოდიხარ და უპასუხისმგებლოდ აკეთებ ასეთ განცხადებებს, როდესაც ერთი სახელი და გვარის დასახელება არ შეგიძლია და როცა ეს წლებია გრძელდება. ეს სამარცხვინოა. ეს დაახლოებით იგივეა, რაც CRRC-ის NDI-ს შემთხვევა.

ქართულმა ოცნებამ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დავუჭირეთ მხარი იმიტომ, რომ ოპოზიციას მივეცით ომბუდსმენის ინსტიტუტი, ეს იყო რეალობა. პირდაპირ იყო ასეთი თხოვნა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ოპოზიციას მივეცით ომბუდსმენი და ეს ოპოზიციონერი ომბუდსმენი ახლა აკეთებს ამ განცხადებებს და მართლა სირცხვილია”, – განაცხადა კობახიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ეს რომ სამარცხვინო ყოფილიყო, აშშ-ის ელჩი ამ ფაქტს თუ გამოხმაურებოდა, კობახიძე პასუხობს, რომ ელჩი პატივს სცემს ომბუდსმენის ინსტიტუტს და არ იცის, რომ მის უკან “სამარცხვინო რამე დგას”.

გადაცემის მსვლელობისას მან არაერთხელ გაიმეორა, რომ “სირცხვილია”, როცა ლომჯარია აკეთებს საჯარო განცხადებებს, ანონიმურ წყაროებზე.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 24 სექტემბერს წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას განაცხადა, რომ ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ უკვე დაფიქსირდა. მისივე თქმით, გასული წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პრაქტიკულად არავის უგია პასუხი.

ეს პირველი შეთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდის წევრები ომბუდსმენს აკრიტიკებენ განსხვავებული აზრის ქონისა და ხელისუფლების კრიტიკის გამო.