ხარაგაულში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილება შეიქმნა

63

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შექმნილ ამ ახალ განყოფილებას ნიკო დეკანოსიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილების თანამშრომელთა ვალდებულებაა, მოიძიონ და აღრიცხონ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრები, კოშკები, ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებსაც შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს.

შემდეგ დამუშავებული ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიაწოდონ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება კონკრეტულ ეკლესია-მონასტერს თვითნებური ჩარევისგან დაიცავს – მისი რეაბილიტაცია ან კონსერვაცია მხოლოდ სააგენტოსთან და საპატრიარქოსთან შეთანხმებით იქნება შესაძლებელი.

ნიკო დეკანოსიძის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე ხარაგაულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩხერის ციხეს და 15 ეკლესიას (უბისის, ვანის, ჩხერის, ნუნისის, ფარცხნალის, ბაბის, ლაშის, ახალსოფლის, გედსმანიის, მაქათუბნის, მირონწმინდის, ამაშუკეთის, ბაზალეთის, ვერტყვიჭალის, ვარძიის ეკლესიები). მათ რებილიტაციაზე ჯამში 600 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილება ზარანის ღვთისმშობლის, ჩრდილში ყრანჩის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებისთვის, ასევე ჩრდილის კოშკისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად მუშაობს.