აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. რეგიონის საჯარო სკოლებში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, დასრულებულია სკოლებში ინვენტარის შეტანის პროცესი.
დღეს, შუახევის რესურსცენტრში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს სულიკო თებიძეს შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებმა ახალი სასწავლო წლის სამზადისთან დაკავშირებით სკოლებში არსებული მდგომარეობა გააცნეს.
დირექტორების ცნობით შუახევის მუნიციპალიტეტში ყველა საჯარო სკოლა სრულ მზადყოფნაშია და სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. წელს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალ შენობაში შეხვდებიან.
ცინარეთის, ნაღვარევის, ჭვანისა და ბუთურაულის საჯარო სკოლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში განახლდება სასწავლო პროცესი. აღნიშნული სკოლების მშენებლობა – რეაბილიტაცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ” ფარგლებში ხორციელდება.
შუახევის მუნიციპალიტეტში 43 საჯარო და 1 კერძო სკოლაა.
წყარო: აიპრესი