ანა დოლიძე ინიციატივით გამოდის, ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში ტელეფონის შეტანა აეკრძალოს

461

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება წარადგინა, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში ტელეფონის შეტანა უნდა აეკრძალოს.

დოლიძის თქმით, ამომრჩეველზე ზეწოლის საკითხი წლებია პრობლემას წარმოადგენს და მის მიერ მომზადებული ცვლილება პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

“წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ხდება ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა ეს არის მოთხოვნა, რომ ამომრჩეველმა ჯიხურში, ხმის მიცემის პროცესის შემდეგ ფოტო გადაუღოს შემოხაზულ ბიულეტენს და ეს გაიტანოს, ნებისმიერ პირთან, რომლის მეშვეობითაც ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა. დიდი ხნის წინ მე განვაცხადე ინიციატივა, რომ შეიქმნას პირობა, საშუალება, რომ ჯიხურში ამომრჩეველმა არ შეიტანოს ტელეფონი და ამით შევქმნათ საშუალება, რომ თვითონ ამომრჩეველი გათავისუფლდეს ამ წნეხისგან. პარლამენტის წარმომადგენლებისგან რეაგირება ნულოვანია და მე თვითონ დავწერ იმ ინიციატივებს და იმ იდეებს, რომელიც წარმოიშვება ჩვენს გუნდში. დღეს მე წარვადგენ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველს არ უნდა ჰქონდეს საშუალება საარჩევნო ჯიხურში შეიტანოს ტელეფონი”, -განაცხადა ანა დოლიძემ.