“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი: ჩემთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერი საკითხი მოქალაქეების ჩართულობით უმოკლეს ვადაში გადაწყდეს

415

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო, არჩევის შემთხვევაში განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა და სხვადასხვა საკითხებზე მათ პოზიციები მოისმინა.

დღევანდელ შეხვედრაზე ქუთაისის მერობის კანდიდატმა რამდენიმე პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე განხორციელდა, მათ შორის: რამდენიმე ქუჩის, სკვერის, სანიაღვრე არხების, შიდა გზების, საყრდენი კედლების, ეზოების და სადარბაზოების რეაბილიტაცია.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, მისთვის პრიორიტეტულია მოქალაქეების დასაქმება, სოციალური პირობების გაუმჯობესება, ასევე, მომავალი თაობისთვის გასართობი და გამაჯანსაღებელი ცენტრების შექმნა.

“საინტერესო შეხვედრა გაიმართა უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებთან, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები გაგვაცნეს, ისაუბრეს ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია, მერად არჩევის შემთხვევაში, მოქალაქეების მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარება პირველი რიგის საკითხი იქნება და რა თქმა უნდა, დაპირებად არ დარჩება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, პირადად მოვისმინო ყველაფერი, რაც აწუხებს ადგილობრივებს და მათი აზრის გათვალისწინებით უმოკლეს ვადაში მოხდეს საკითხის მოგვარება”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის მერობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელსაც დიდ ყურადღებას დაუთმობს, დევნილი მოქალაქეების თემაა.

იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში დევნილი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ქუთაისში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ არაერთი პროექტია დაგეგმილი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება.