ბოკუჩავა: რეგიონებში ჩვენი შტაბის წევრებს ენმ-ს სახელით ურეკავდა უცხო პირი და არჩევნების საბოტაჟისკენ მოუწოდებდა

364

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, რეგიონებში მათი შტაბის წევრებს გამოგონილი იდენტობის მქონე პირი უკავშირდებოდა პარტიის სახელით და არჩევნების საბოტაჟისკენ, რევოლუციური სცენარისკენ მოუწოდებდა. ბოკუჩავას ვარაუდით, ეს პირი სუს-ის მიგზავნილია ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ამიტომ მოუწოდებს უწყებებს, რომ ჰქონდეთ რეაგირება.

ბოკუჩავას თქმით, პირი, რომელიც შტაბის წევრებს დაუკავშირდა, მათ გიორგი ნოზაძედ გაეცნო, თუმცა, მათ გადაამოწმეს ტელეფონის ნომერი და ის რეგისტრირებულია ალუდა ჯანხოთელზე. თავის მხრივ ჯანხოთელი, კი ცენტრალური საარჩევნო კომიისიის საძიებო სიაში არ იძებნება.

“ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, გუშინ ტყიბულში, ვანში, გორში, შუახევში, საგარეჯოსა და გურჯაანსი დაუკავშირდა პირი, გიორგი ნოზაძე, და იძლეოდა ყალბ ინსტრუქციებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ, არჩევნების საბოტაჟის, დესტაბილიზაციის და რევოლუციური სცენარის მითითებებით. ეს პიროვნება სავარაუდოდ ყალბი იდენტობაა, რომელიც სუსმა შექმნა, საარჩევნო პროცესის საბოტაჟირების მიზნით. მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს გამოიძიონ ეს საკითხი,” – თქვა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, მთავარ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ, რომ გაირკვეს, რეალურად ვინ იყენებს აღნიშნულ ნომერს და ვისი დავალებით ხორციელდებოდა დეზინფორმაციული დავალებები.