დავით ჭიჭინაძის პარტიას ორი საარჩევნო ნომერი აქვს

722

დავით ჭიჭინაძის პარტია „ტრიბუნას“ საარჩევნოდ 2 ნომერი აქვს – მე-4 და 29-ე. ჭიჭინაძე გურიანიუსთან აცხადებს, რომ ეს ტექნიკური ხარვეზია და “ალბათ, ჩაიხსნება”.

ცესკომ 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სიის მე-4 და 29-ე ნომრებს დავით ჭიჭინაძის პარტია „ტრიბუნა“ იკავებს.

„თავის დროზე, რომ ამბობდნენ ხელმოწერების მოგროვებაა საჭიროო, ვაგროვეთ ხელმოწერები და ჩავაბარეთ. მერე აღმოჩნდა რომ კვალიფიციურებს არ სჭიდებოდათ ხელმოწერა, მაგრამ დარჩა ის. მე არ ვარ 29-ე ნომრად წარმოდგენილი პარტიის თავმჯდომარე. ტექნიკური ხარვეზია, რომელიც, ალბათ, ჩაიხსნება. ადგილობრივი მერის არჩევნები რომ ტარდება ქუთაისში, იქ გვყავს ჩვენ კანდიდატი და იმას მიენიჭა 4 ნომერი და შესაბამისად, ჩვენ კანდიდატებს სხვადასხვა ნომერი ვერ ექნებოდათ“, – აცხადებს “გურიანიუსთან” დავით ჭიჭინაძე.

ცესკოში ამბობენ, რომ ორივე პარტია წესების სრული დაცვით არის რეგისტრირებული და ცვლილების გახორციელების სურვილის შემთხვევაში, პარტიამ თავად უნდა მიმართოს ცესკოს.

„ორივე პარტია არის ყველა ნორმის დაცვით რეგისტრირებული. თუ რაიმე ცვლილება სურთ, უნდა მოგვმართოს ან ერთმა პარტიამ, ან მეორემ“, – ამბობენ ცესკოში.